„ქუჩები ჩვენია!“ – ბერლინში ახალგაზრდების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა (ვიდეო)

12:38, 03.11.2026

საფრანგეთში დაწყებული ახალგაზრდების საპროტესტო გამოსვლების ტალღა, რომლებიც ცხოვრების გაძვირებას და განათლების პრობლემებს უკავშირდება, გერმანიაშიც გავრცელდა. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა მსვლელობები და დემონსტრაციები, რასაც პოლიციასთან შეტაკებებიც მოჰყვა.

მაშინ, როდესაც გერმანიის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეები საჯარო სამსახურებისა და სკოლების დაფინანსების გაზრდას მოითხოვდნენ და სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ფრანკფურტის ცენტრში დემონსტრანტებმა მაღაზიები გაძარცვეს და პოლიციას დაუპირისპირდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო აქციები, რომელთა დევიზი იყო „ჯენზის თაობა თავად აგვარებს“ (Gen Z regelt), გერმანიის 30-ზე მეტ ქალაქში, მათ შორის ბერლინში, კიოლნსა და ჰამბურგში გაიმართა და მასში ათიათასობით ახალგაზრდა მონაწილეობდა.

გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დემონსტრაციები, ძირითადად, მშვიდობიანად მიმდინარეობდა. ჰესენის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრის, რომან პოზეეკის ვარაუდით, ფრანკფურტში გამართულ საპროტესტო აქციას 100-მდე ექსტრემისტი შეერია, რომლებმაც ძალადობისკენ პროტესტის სხვა მონაწილეებსაც უბიძგეს.

ვიდეოში ისმის ბერლინში გამართული დემონსტრანციის მონაწილეთა შეძახილები: „ქუჩები ჩვენია!“. კადრებში ასევე ჩანს, როგორ ანთებენ ისინი ფეირვერკებს და პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებს უპირისპირდებიან.

სტატიის ავტორი: [email protected] – ESN

ვიდეოს ავტორი: @voleemor

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი, 2026 წელი, 18:19 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი