ქრისტიანების ნაწილი ხვალ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს

ქრისტიანების ნაწილი ხვალ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს სომხური სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს. დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის საკათედრო ტაძარში 18:00 საათზე ჭრა-გალუიცის წმინდა წირვა აღევლინა. სააღდგომო მსახურება კი  ხვალ დილის თერთმეტ საათზე დაიწყება.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ხვალ კათოლიკური ეკლესიაც აღნიშნავს.  სააღდგომო ლიტურგია დღეს გვიან ღამით ლესელიძეზე მდებარე მარიამ ღვთისმშობლის ზეცათ აყვანების კათედრალურ ტაძარში დაიწყება, სადაც ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო „ღამის ცისკრის“ წირვას ჩაატარებს.

სააღდგომო რიტუალის მიხედვით, წირვის დაწყებამდე ეპისკოპოსი ტაძრის ეზოში „ნაკურთხ ცეცხლს“ დაანთებს, რაც „ქრისტეს ნათელის“ სიმბოლოა. შემდეგ კი საპასექო სანთლით „ნაკურთხ ცეცხლს“ მრევლში გაავრცელებს. ამ დროს ეკლესია ჩაბნელებულია და ტაძარი, მხოლოდ „ნაკურთხი ცეცხლით“ სანთლებანთებული  მრევლის შესვლის შემდეგ განათდება. კვირას, აღდგომის დღეს კი ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი – ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო სააღდგომო წირვას თბილისის წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში აღავლენს.

პირველ აპრილს აღნიშნავს აღდგომის დღესასწაულს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია. შერიგების ეკლესიაში სადღესასწაულო ლიტურგია დილის 11:00 საათზე დაიწყება და მას ეპისკოპოსი მარკუს შოხი ჩაატარებს.

აღდგომის დღესასწაულს წინ 40-დღიანი მარხვა უძღვოდა.