ქრისტესშობის დღესასწაული

7 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესია მაცხოვრის შობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიის დროს მრევლს პატრიარქის ტრადიციული საშობაო ეპისტოლე გააცნეს. შობის დღესასწაულის მნიშვნელობასთან ერთად, უწმინდესი ეპისტოლეში ეგოიზმზე ამახვილებს ყურადღებას, როგორც დღევანდელობის ერთ -ერთ პრობლემაზე. როგორც პატრიარქი ამბობს, ამპარტავნება და ეგოიზმი უფლისგან განდგომილი ადამიანის „მკვეთრი“ მახასიათებელია. უწმინდესი სიკვდილის შიშზეც აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ „სიკვდილის შიში ცოდვებისგან მოდის, როდესაც ადამიანი უფრთხის ღმერთთან შეხვედრას და სულის განწმენდის ნაცვლად, თავს ათეიზმს აფარებს. უწმინდესის თქმით, ადამიანისადმი ჩვენი ერთგულება, სიყვარული და თავდადება, არის ჩვენი გადამრჩენელი, ღმერთამდე ჩვენი მიმყვანებელი“. უწმინდესთან ერთად საშობაო ღვთისმსახურება მისმა მოსაყდრემ, მეუფე შიომ და მღვდელმთავრებმა აღავლინეს. საშობაო ღამისთევას მრევლთან ერთად პრეზიდენტი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.