ანგელოზები, მოგვები, შობის მახარობლები, მწყემსები, სხვადასხვა ცხოველის დეკორაციები – მრავალწლიანი ტრადიცია გრძელდება.
თბილისის ქუჩებში დღეს „ალილოს“ მონაწილეები გამოჩნდნენ. საშობაო მსვლელობა დედაქალაქში დღის 2:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისით დასრულდა. თეატრალიზებული მსვლელობისას იყო რამდენიმე გაჩერება – გზად შესრულდა საშობაო საგალობლები და შეგროვდა სადღესასწაულო ნობათი და შემოწირულობები, რომლებიც მიუსაფართა და ბავშვთა სახლებში დარიგდება. სადღესასწაულო მსვლელობა ჩატარდა სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც. უძველესი ტრადიცია, რომელიც 16 საუკუნის წინ იღებს სათავეს, კათოლიკოს-პატრიარქმა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ 2000-იანი წლების დასაწყისში აღადგინა.