ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა. წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. რამდენიმე საათში წმინდა ცეცხლს თბილისში ჩამოაბრძანებენ და ის სააღდგომო ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება.

მორწმუნეებს საშუალება ეძლევათ, წმიდა ცეცხლი სახლებში წაიღონ.  მოციქულთა და წმინდა მამების გადმოცემების მიხედვით, პირველად  წმინდა ცეცხლმა უფლის საფლავი  ჯერ კიდევ ქრისტეს აღდგომამდე გაანათა. ამ სასწაულის მოწმე  მოციქული პეტრე იყო. მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალი ელენეს ბრძანებით აშენდა.