ქრისტეს აღდგომის ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები სასწაულებრივი ცეცხლის რიტუალს ელოდებიან

ამ წუთებში იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები სასწაულებრივი ცეცხლის რიტუალს ელოდებიან. ტაძარში უამრავი ადამიანია შეკრებილი, მათ შორის არიან ქართველი მომლოცველები. მორწმუნეებმა ტაძართან შეკრება გუშინ დაიწყეს. ტაძრის კარი კი თბილისის დროით დღეს დაახლოებით 11-ის ნახევარზე გაიღო.

აღდგომის ტაძარში უკვე შევიდნენ ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები, რომლებიც ხმაურით და დაფდაფებით აღავლენენ ლოცვას იმისთვის, რომ  უფალმა მაცხოვრის საფლავზე ღვთაებრივი ცეცხლი მოავლინოს.

რამდენიმე საათში, აღდგომის ღამეს წმინდა ცეცხლს თბილისში მოაბრძანებენ და ის სააღდგომო ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება. მორწმუნეებს საშუალება ეძლევათ, წმიდა ცეცხლი სახლებში წაიღონ. სასწაულებრივ ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.