ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაზრდა იგეგმება
პარლამენტი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ინიციატივაზე იწყებს მუშაობას. დაგეგმილია ქონების გადასახადის მოქმედი ზღვრის გადახედვა. საკითხს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად განიხილავს. გეგმაა, რომ ცვლილება ქონების გადასახადის დეკლარირებამდე შევიდეს ძალაში. ამ დროისთვის საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ დამუშავების და კვლევის პროცესშია. მოქმედი კანონმდებლობით, მოქალაქეებს, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღწევს, ქონების გადასახადის გადახდა უწევთ. ჯერ უცნობია, გადახდის რა ახალი მოდელი ამოქმედდება მომავალში და სადამდე გაიზრდება ზღვარი. ოპოზიცია ინიციატივას მიესალმება და გადაწყვეტილებას ხელისუფლების მხრიდან უკან დახევად მიიჩნევს.