„ქოლცენტრების საქმეზე“ დაკავებულთა სასამართლო
საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს და მათთან ერთად ბრალდებულ სხვა პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პირველი წარდგენის სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში გაიმართა. ჟურნალისტ ელისო კილაძეს პენიტენციურ დაწესებულებაში განათავსებენ. „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელს ბრალი სისხლის სამართლის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც თაღლითობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, კილაძე დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას სხვადასხვა მედია პლატფორმაზე ახორციელებდა, რაც 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 10 პირს აქვს წარდგენილი. მათ შორის, მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ასევე – სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს.