„ქოლცენტრების საქმე“ - შეფასებები

ე.წ. ქოლცენტრების საქმე და დავით კეზერაშვილის სქემა – „ბიბისის“ მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი პოლიტიკურ სპექტრში ისევ განხილვის თემა და ურთიერთბრალდებების საფუძველია. „ისრების სხვაზე გადატანის მცდელობა კეზერაშვილის საქმიდან“ -ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ოპოზიციის ბრალდებებს, რომლებიც ქოლცენტრების საქმიანობის ხელისუფლებასთან დაკავშირებას ცდილობენ. საქმე ეხება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ იმ რეპორტაჟს, სადაც საუბარია, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ევროპაში ყოფილი ფეხბურთელი, რატი ალექსიძეა დაკავებული. რეპორტაჟში ნათქვამია ისიც, რომ დაკავებულს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებთან ნათესაური და ახლო კავშირები აქვს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და კეზერაშვილის გარემოცვამ მართლმსაჯულების მოახლოება იგრძნეს და ახლა საქმისთვის სხვა მიმართულების მიცემას ცდილობენ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში გამოვლენილი ტრანსნაციონალური დანაშაული ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.