ქოლცენტრების საქმე

ე.წ. ქოლცენტრების საქმის სავარაუდო გაგრძელება.

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს აღმაშენებლის გამზირზე. ოფისში, რომელიც ამ დროისთვის უკვე დალუქული, კომპიუტერები კი წაღებულია, ერთი სართული გიორგი ვაშაძის ძმის საკუთრებაცაა. საუბარია სამსართულიანი შენობის მეორე სართულზე განთავსებულ სასტუმროზე. თავად „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, ისევე როგორც მისი ძმა, ქოლცენტრებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ. საკმაოდ მწვავეა რეაქცია ცალკეული მედია-საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაზეც, რომლის მიხედვით დალუქული ოფისი გიორგი ვაშაძის და დავით არახამიას ეკუთვნით და იქ ე.წ. ქოლცენტრი იყო განთავსებული. თუმცა, ამავე დროს საკმაოდ დამაბნეველი აღმოჩნდა ვაშაძის თანაგუნდელ პაატა მანჯგალაძის კომენტარი, რის გამოც პოლიტიკოსს მოგვიანებით განმარტებების გაკეთება დასჭირდა.

საინტერესოა, რა ინფორმაციის საფუძველზე შევიდა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და არის თუ არა ჩატარებული მოკვლევითი სამუშაოები კავშირში ევროპელი პენსიონრების ძარცვის იმ საერთაშორისო დანაშაულებრივ სქემასთან, რომელსაც საქართველოს პროკურატურასთან ერთად ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებები იძიებენ – დეტალებს თეონა ხუბულავა არკვევდა.