ქობულეთში წყალდიდობის გამო, სახლში ჩარჩენილი 87 წლის ქალი მაშველებმა გამოიყვანეს

ქობულეთში წყალდიდობის გამო, სახლში ჩარჩენილი 87 წლის ცისანა მორჩილაძე მაშველებმა გამოიყვანეს. პოპოვის ქუჩის ოთხ ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული მთლიანად წყალში აღმოჩნდა.

87 წლის მოხუცმა, ქალიშვილთან ერთად, მეორე სართულზე გადაინაცვლა და დახმარება ითხოვა. ადგილზე ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე სამაშველო ბრიგადასთან ერთად მივიდა. მაშველებმა სახლში ჩარჩენილები მეორე სართულიდან სპეციალური ტექნიკით გადმოიყვანეს.