ქობულეთში 100-მდე ბავშვი სასწავლო დაწესებულებებში ვერ მოხვდა

ქობულეთში ასამდე ბავშვი სკოლისა და საბავშვო ბაღს მიღმა დარჩა. სასწავლო დაწესებულებებში ვერ მოხვდნენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 17 სექტემბრის შემდეგ წლის ბოლომდე უსრულდებოდათ. ამ ბავშვების მიღებაზე უარი განაცხადეს ბაღებმაც.

სასწავლო დაწესებულებების მიღმა დარჩენილი ბავშვები დღეს მშობლებმა ქობულეთის მერიაში მიიყვანეს და პრობლემის მოგვარება მოითხოვეს. მათ ბაღების გაერთიანების უფროსი შეხვდა. როგორც ლია ხალვაში ამბობს, შარშან მოლაპარაკების შედეგად სკოლებში შეიქმნა მოსამზადებელი კლასები, თუმცა წელს სკოლებმა ფართის გამოყოფაზე უარი განაცხადეს. მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკება გრძელდება და საკითხი შეიძლება უახლოეს დღეებში გადაიჭრას.

ქობულეთში წელს საბავშვო ბაღებს მიღმა ადგილების ნაკლებობის გამო დამატებით 300-მდე აღსაზრდელი დარჩა. იგივე პრობლემაა ბათუმშიც, სადაც ბაღში მოხვედრა 1600-მა მსურველმა ვერ მოახერხა.