ქეთევან ციხელაშვილი ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა

დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომა იმართება. ერთ-ერთი მომხსენებელი სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იქნება.

ასოცირების კომიტეტის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი ოკუპირებული ტერიტორიებია. მანამდე კი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტებს შეეხო.

ყურადღება გამახვილდა ცოტა ხნის წინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საეჭვო ვითარებაში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სამშვიდობო ინიციატივასაც. როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, გენერალურმა მდივანმა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დადებითად შეაფასა და განხორციელების გეგმითაც დაინტერესდა.