ქეთევან ციხელაშვილი ზახაროვას განცხადებას ეხმაურება

საქართველოს თავისი სამშვიდობო პოლიტიკით ამტკიცებს, რომ ეს პოლიტიკა არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თქმითაც, „საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას თავისი შედეგები მოჰყვება“.

„ამ მიდგომებში ახალი არაფერია და ძალიან სამწუხაროა, რადგან საქართველო თავისი პოლიტიკით ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის, სამშვიდობო პოლიტიკით, მისი განვითარების კურსით ამტკიცებს, რომ არის ქვეყანა, რომლის პოლიტიკა არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული.

ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას ქონდეს შეუფერხებელი განვითარების შესაძლებლობა, უსაფრთხო გარემო. დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის შესაძლებლობა და ეკონომიკური კეთილდღეობა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულების ერთგულებით ვამტკიცებთ, რომ ჩვენ ვართ დასავლელი პარტნიორების საიმედო პარტნიორი რეგიონში და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას“, – განაცხადა ციხელაშვილმა.