საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარს კიდევ ერთი ოპერატორი შეემატა – Qatar Airways-მა თბილისში პირველი რეგულარული სატვირთო რეისი შეასრულა. ავიაკომპანია დოჰა – ერევანი – თბილისი – დოჰას საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში ერთხელ შეასრულებს. ბოლო წლებში საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2025 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 38 578 ტონა შეადგინა, რაც საქართველოს აეროპორტების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.