ქართველი წყალბურთელები დღეს თურქეთს შეხვდებიან

დღეს, 22 ივლისს,  ბარსელონაში მიმდინარე ევროპის საწყალბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები მეცამეტე ადგილისთვის გასამართ პლეიოფში პირველ მატჩს ჩაატარებს. ჩვენი მეტოქე თურქეთის ეროვნული გუნდია, რომელმაც მიმდინარე პირველობაზე, საქართველოს მსგავსად, ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი წააგო.

პარალელურ დაპირისპირებაში ერთმანეთის წინაშე სლოვაკეთისა და მალტის გუნდები წარსდგებიან, 24 ივლისს კი, ამ ორი მატჩის გამარჯვებულები ერთმანეთში გაარკვევენ მეცამეტეადგილოსნის ვინაობას.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს გამართულ ევროპის პირველობაზეც საქართველოს ნაკრებმა მეცამეტე ადგილისთვის იბრძოლა და მისი პირველი მეტოქე მაშინაც თურქეთი იყო. ჩვენმა გუნდმა თურქები 12-11 დაამარცხა, შემდეგ კი სლოვაკეთთან 10-9 დამარცხდა და მეთოთხმეტე ადგილზე გავიდა.

წელს ჩვენს გუნდს ამ შედეგის ერთი პოზიციით გაუმჯობესება შეუძლია.

თურქეთსა და საქართველოს შორის მატჩი დღეს 15:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.