ქართველი იუნკრების ხსოვნის დღეა
დღეს ქართველი იუნკრების ხსოვნის დღეა. თითქმის საუკუნის წინ მათი თავგანწირვა და თბილისის მისადგომებთან რუსული არმიისთვის გაწეული წინააღმდეგობა ისტორიაში დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.
კოჯორსა და ტაბახმელაში რუსეთის მე-11 არმიასთან უთანასწორო შეტაკებები ქვეყნის გასაბჭოებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაციაში წასვლითა და კომუნისტური მმართველობის დამყარებით დასრულდა, თუმცა ეროვნულ არმიასთან ერთად მებრძოლი ქართული სამხედრო სასწავლებლის სტუდენტების თავგანწირულმა ბრძოლამ, რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, მოწინააღმდეგეს პოზიციები არაერთხელ დაათმობინა და უკან დაახევინა.