ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედროების წარმატება

ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედროები აშშ-ში გამართული „საჰაერო ძალების თამაშებიდან“ 28 მედლით დაბრუნდნენ. ქართველმა სამხედრო პარასპორტსმენებმა „საჰაერო ძალების თამაშებში“ 12 ოქროს, 11 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური დახვდნენ.

ლას-ვეგასში ჩვენმა სამხედროებმა, ტურნირის ფარგლებში, სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში იასპარეზეს. სამხედროებმა წარმატებული შეხვედრები გამართეს მჯდომარე ფრენბურთში, პარაკალათბურთში, პნევმატური პისტოლეტითა და შაშხანით სროლაში, მშვილდოსნობაში, მძლეოსნობაში, სავარჯიშო მოწყობილობაზე ნიჩბოსნობაში, ველოსპორტსა და ცურვაში. „საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველმა სამხედროებმა მეორედ მიიღეს მონაწილეობა.