ქართველები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

ქაბულიდან ევაკუირებული საქართველოს 16 მოქალაქე დიდ ბრიტანეთში, სამხედრო ბაზაზე იმყოფება. ისინი დუბაიდან ლონდონში გამთენიისას ჩაფრინდნენ. სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დიდ ბრიტანეთში. გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, სოფო ქაცარავას ინფორმაციით, ყველა მათგანი თავს კარგად და უსაფრთხოდ გრძნობს. ამასთან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სამშობლოში მათი დროულად დაბრუნებისთვის. ავღანეთში ჩარჩენილი საქართველოს 16 მოქალაქის ევაკუაცია გუშინ განხორციელდა. ისინი ჯავშან-ტრანსპორტიორებით ჯერ ქაბულის აეროპორტში ნატოს ბაზაზე მიიყვანეს, საიდანაც დიდი ბრიტანეთის ბორტით დუბაიში გადაფრინდნენ. იყო მოლოდინი, რომ ქართველების სამშობლოში ტრანსპორტირება დუბაიდანვე მოხდებოდა, თუმცა კოვიდ-რეგულაციების გამო მათ ლონდონში ჩასვლა მოუწიათ, სწორედ იქიდან გამოემგზავრებიან საქართველოში. დღეს გამთენიისას კი თბილისში დაბრუნდა საქართველოს ის ორი მოქალაქე, რომელებიც ბრიტანული კომპანიისთვის ავღანეთში მუშაობდა. თალიბანის მიერ ავღანეთის დაკავების შემდეგ, საერთო ჯამში საქართველოს 24 მოქალაქე აღმოჩნდა ცხელ წერტილში. ამჟამად ყველა მათგანი გამოყვანილია და უსაფრთხოდ არის.