ქართული უნიკალური ნაკეთობები ბრიტანეთის მუზეუმში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით, საელჩოს ორგანიზებით, ბრიტანეთის მუზეუმში ქართული უნიკალური ოქროს ჯვარი და ყელსაბამი პირველად გამოიფინა.

ექსპონატები ქართველებმა 1919 წელს საჩუქრად გადასცეს ბრიტანელ დიპლომატსა და გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში სერ ოლივერ უორდროპს. ეს შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშებია, რომელიც 1983 წლიდან ბრიტანეთის მუზეუმში ინახება და მისი ექსპოზიცია პირველად ხდება. ჯვარი და ყელსაბამი ბრიტანეთის მუზეუმში მომდევნო ორი წლის განმავლობაში იქნება გამოფენილი.