69 წელი საქართველოში ტელე-მაუწყებლობის დაწყებიდან – პირველი არხი დღეს იუბილარია. 1956 წლის 30 დეკემბერი ქვეყნის პირველი ტელევიზიის დაარსების თარიღია. 69 წლის წინ, ამ დღეს, საღამოს რვა საათზე მთაწმინდის ანძაზე განთავსებული ტელე-ხედვის სადიქტორო-სამაკეტო სტუდიიდან პირველი გადაცემა გავიდა ეთერში, რომელსაც ლია მიქაძე და ალექსანდრა მაჭავარიანი უძღვებოდნენ. ასე დაიწყო ჩვენი არხის ისტორია. ყველა ასაკსა და სეგმენტზე გათვლილი და ჟანრობრივად მრავალფეროვანი პროგრამები, 1968 წლიდან დაწყებული ფერადი მაუწყებლობა, სატელევიზიო თეატრი და ტელე-ფილმები, ოქროს ფონდი უნიკალური საარქივო მასალებით და კულტურული მემკვიდრეობით – წინა საუკუნის 50-იანი წლების ბოლოდან პირველი არხი ქვეყნის უახლესი ისტორიის და გარდამტეხი მოვლენების მემატიანეა.
69 წლის განმავლობაში მიღწევებთან, პროგრესთან და წარმატებებთან ერთად იყო გამოწვევები და სირთულეებიც. 2005 წელს პირველი არხი საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაიქმნა. ცოტა ხნის წინ კი ტექნოლოგიური გადაიარაღების რამდენიმეწლიანი რთული პროცესი დასრულდა. უკვე დღეს ტელევიზია ახალ მისამართზე და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი შენობიდან მაუწყებლობს და სამ სატელევიზიო არხს, ვებ-პლატფორმასა და რადიოს აერთიანებს. წლებთან ერთად იცვლება გადაცემების ფორმატები, თუმცა უცვლელი რჩება პრინციპი, რაც მაყურებლისთვის ხარისხიანი მედია-პროდუქტის შეთავაზებას და ზუსტი, სანდო და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. წინ კიდევ არაერთი საინტერესო გეგმა, პროექტი და ჩანაფიქრია.