საქართველოსთვის წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენაა – 2024 წლისთვის გათვალისწინებული გეგმა უკრაინაში მიმდინარე ომმა და გაუარესებულმა რეგიონულმა უსაფრთხოებამ დააჩქარა. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრებს შორის მოწინავე პოზიციას იკავებდა, ივნისში ასოცირებული ტრიო განცალკევდა – უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, ევროპული პერსპექტივა მიიღო, სტატუსამდე კი ქვეყანა ევროკომისიის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესრულებამ უნდა მიიყვანოს.
თუმცა, ევროკომისიის 12 რეკომენდაცია ამ დრომდე მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების საგანია. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ არაერთი საგარეო მოწოდების მიუხედავად, ერთად მუშაობა მაინც ვერ შეძლო – სამუშაო ჯგუფებს ოპოზიციის ნაწილმა პირველივე დღიდან ბოიკოტი გამოუცხადა. რეკომენდაციების მიღებიდან შვიდი თვის თავზე რეფორმების ნაწილი უკვე მიღებულია. პოლიტიკური სპექტრი ამ დრომდე ვერ თანხმდება რამდენიმე პუნქტზე – დეოლიგარქიზაცია, სახალხო დამცველის არჩევის პროცესი, რომელიც ასევე ჩავარდა, ღიად რჩება პირველი პუნქტიც, რაც ყველაზე მთავარ საკითხს, დეპოლარიზაციას გულისხმობს.
სალომე ქოქიაშვილი გაგვახსენებს მიმდინარე წლის ქართული პოლიტიკის განმსაზღვრელ ყველა ძირითად თემას – წლის ბოლოს როგორია საქართველოს პერსპექტივა ევროინტეგრაციის მიმართულებით.