ერთწლიანი პაუზის შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე ბრუნდება.
მოქმედი პრემიერი კვლავ სახელისუფლებო პარტიის ხელმძღვანელობას იბარებს. ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ მთავრობის მეთაურის კანდიდატურამ დღეს გამართულ ყრილობაზე ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო. ცვლილებებია პოლიტსაბჭოს შემადგენლობაშიც – პარტიის მმართველ ორგანოს სულხან თამაზაშვილის და ნინო წილოსანის სახით ორი ახალი წევრი ჰყავს. ყრილობას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ღონისძიებაზე არ მისულა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ორი კვირის წინ საზოგადოებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ აცნობა. 13-წლიანი მმართველობის შეჯამება, გამოწვევები, პრიორიტეტები, მოახლოებული არჩევნები – ყრილობის მონაწილეებს დღეს მხოლოდ ირაკლი კობახიძემ მიმართა. რამდენიმე კვირაში მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიის დაწყებას აანონსებს. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად გავლენიანი ძალების მხრიდან ქვეყნების სუვერენიტეტის დათმობის მცდელობები დასახელდა. ამ კონტექსტში შეფასდა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ბოლო პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებული მწვავე განცხადებები და მკაცრი გადაწყვეტილებები.