„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი – შეფასებები
„ქართული ოცნების“ ოთხი დეპუტატი ხუთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ. „ლელო“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“ – 21 ოქტომბრიდან საკონსტიტუციო სასამართლოში ამ თანმიმდევრობით დაიწყება იმ სარჩელების არსებითი განხილვა, რომლითაც „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას მოითხოვს.
მმართველი გუნდის ძირითადი არგუმენტები და ბრალდებები ასეთია: სისტემური დანაშაულები, კონსტიტუციური წყობილების არაღიარება, საბოტაჟი და სახელმწიფო ინტერესების საზიანო საქმიანობა. სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, აიკრძალება ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, ასევე მოთხოვნილია „ფედერალისტების“ აკრძალვაც.
სარჩელს სასამართლო პროცესზე „ქართული ოცნების“ 4 დეპუტატი წარადგენს, ცნობილია იმ ოპოზიციური პარტიების პოზიციაც, რომელთა გაუქმების საკითხის განხილვაც რამდენიმე დღეში იწყება. ნაწილი ინტერესების დაცვას სასამართლო დარბაზში, ნაწილი კი მის მიღმა გეგმავს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვისთვის პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობის, ანუ სულ მცირე 6 მოსამართლის მხარდაჭერაა საჭირო, გადაწყვეტილება კი საქმის განსახილველად მიღებიდან 9 თვის ვადაში უნდა გამოცხადდეს.
მხარეთა პოზიციები ცარო კირვალიძის რეპორტაჟში.