„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი – გამოხმაურება
„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სარჩელს აფართოებს. „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების ჩამონათვალს, გიორგი გახარიას გუნდი ემატება. პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე კვირას მიმართავს. უკვე ცნობილია, რომ საკონსტიტუციო სარჩელი პარლამენტის და საკრებულოების მოქმედ დეპუტატებს არ შეეხებათ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, გიორგი გახარიას გუნდიც კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდა და კონსტიტუციურ ორგანოებს არ აღიარებს. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ოპოზიციური აზრის ჩახშობის მცდელობად აფასებს გიორგი გახარიას გუნდი და მმართველ პარტიას ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში ადანაშაულებს.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი შალვა კერესელიძე დღეს საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებს და მათი აკრძალვის მოთხოვნას, მათ პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან, რომლებიც გახარიას გუნდთან ერთად ასაკრძალ პარტიათა სიაში არიან, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება „პოლიტიკურ რეპრესიებად“ ფასდება. მმართველი გუნდი ოპონენტების ბრალდებებს უარყოფს და ასაკრძალ სიაში მყოფ პარტიების „სინქრონულად მოქმედებაზე“ მიუთითებს, რასაც „ერთი დამკვეთით“ ხსნის. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შარშან შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის კორექტირება უკვე მესამედ ხდება. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხუთ პოლიტიკურ ძალას – „ნაციონალურ მოძრაობას“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტებსა“ და პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საქმიანობის უფლება აეკრძალებათ.