სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მომზადებული სარჩელი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში იგზავნება.
პოლიტიკური ძალები, რომლებსაც გაუქმება ემუქრებათ, საპასუხო ზომებისთვის ემზადებიან. „ლელოს“ სარჩელი მზად აქვს, 24-წლიანი ისტორიის მქონე „ნაციონალური მოძრაობა“ სამართლებრივ ბრძოლას ქვეყნის ფარგლებს გარეთ აპირებს. ოპონენტების მხრიდან პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად ცხადდება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 500-გვერდიანი დასკვნა, რომელსაც ხელისუფლების სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება. ადამიანის უფლებების დარღვევის სისტემური ხასიათი, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები, მისი ლეგიტიმაციის არაღიარება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანება – ეს არასრული ჩამონათვალია იმ არგუმენტების, რომლითაც მმართველი გუნდი საკუთარ მოთხოვნას ამყარებს. ხელისუფლებას იმაზეც უწევს განმარტება, რატომ შემცირდა წინასწარ დაანონსებული 10-მდე პარტია სამამდე და რატომ არ მოხვდა ასაკრძალთა სიაში გიორგი გახარიას პარტია, რომელიც საბოტაჟში, ღალატსა და ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში არაერთხელ დაადანაშაულეს. ცხრა თვე გადაწყვეტილების მისაღებად – გამოხმაურება მძიმეა უცხოეთიდანაც. „ქართულ ოცნებას“ სარჩელის გადახედვისკენ მოუწოდებენ.