„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი

21:13, 28.10.2025

რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მზად არის – მმართველი გუნდი სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს.

ჩამონათვალშია „ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ახალი“ და „ლელო“. სასარჩელო მოთხოვნას „ქართული ოცნება“ 500-გვერდიანი დასკვნით ამყარებს, რომელიც პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოამზადა. კონსტიტუციის დარღვევის არგუმენტებს შორისაა 2012 წლამდე ადამიანის უფლებების დარღვევის სისტემური ხასიათი, 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებზე ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარება, მისი ძალადობით შეცვლის მცდელობები, 2008 წლის ომი, 2022 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები. ასაკრძალი პარტიების სიაში არ მოხვდა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია, რის მიზეზადაც საპარლამენტო ბოიკოტის შეცდომად აღიარება სახელდება. სარჩელის შეტანის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად ცხრა თვე ექნება. პოლიტიკური დევნა და დიქტატურის გაფორმება – გამოხმაურება რეზონანსულია – ყოფილი მმართველი პარტია საპასუხოდ ოპოზიციას ახალი ერთობის შექმნისკენ მოუწოდებს. წინასწარ დაანონსების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ პოზიცია შეცვალა – სარჩელი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირებს ამ ეტაპზე არ შეეხებათ.

მსგავსი