„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი
ორი დღე ქართულ რეალობისთვის უპრეცედენტო სამართლებრივი პროცესის დაწყებამდე.
21 ოქტომბრიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე, მმართველი გუნდის სარჩელის განხილვას დაიწყებს. სხდომათა დარბაზში მოსარჩელე მხარის ინტერესებს უმრავლესობის ოთხი დეპუტატი დაიცავს. რაც შეხება მოპასუხე მხარეს, სასამართლოში ხუთი ასაკრძალი პარტიიდან სავარაუდოდ ოთხი იქნება წარმოდგენილი. პარტია „ფედერალისტები“ სასამართლო პროცესს შენობის გარეთ გააპროტესტებს. ოპოზიციის რეაქცია მწვავეა. დიქტატურის გაფორმება, პოლიტიკური დევნა და დემოკრატიის განადგურების მცდელობა. სარჩელის ადრესატები ხელისუფლებას არაერთ მძიმე ბრალდებას უყენებენ და ოცნების საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ევროპელი პარტნიორების ნეგატიურ შეფასებებზე აკეთებენ აქცენტს. ოპონენტებისა და ბრიუსელის კრიტიკას მმართველი გუნდი სხვა კანდიდატ ქვეყნებში აკრძალული პარტიების სტატისტიკას უპირისპირებს. ხელისუფლება ისევ ორმაგ სტანდარტებზე მიანიშნებს და დარწმუნებულია რომ არგუმენტებს, რის საფუძველზეც, ხუთი ოპოზიციური პარტიის გაუქმებას ითხოვს, სასამართლო სრულად გაიზიარებს.