„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი
კორექტირებული სარჩელი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშია.
ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალს გიორგი გახარიას პარტიაც დაემატა. საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის, საკანონმდებლო ორგანოში შესვლის და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად, ხელისუფლება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდის აკრძალვას და არაკონსტიტუციურად გამოცხადებას მოითხოვს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად ცხრა თვე აქვს. სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში აიკრძალება ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, მოთხოვნილია „ფედერალისტების“ აკრძალვაც. „ქართული ოცნება“ ყველა მათგანს არჩევნების საბოტაჟს და კონსტიტუციური წყობილების არ აღიარებას ედავება. საპარლამენტო ბოიკოტის დასრულების გამო გახარიას გუნდი თავდაპირველ სარჩელში არ მოხვდა. რა შეიცვალა ერთ წელში – პასუხად მმართველი პარტია განმარტავს, რომ ყოფილმა თანაგუნდელებმა შანსი ვერ გამოიყენეს და დესტრუქციული ქმედებები განაგრძეს. პარტია, რომელიც ერთი წლის განმავლობაში საპარლამენტო რეჟიმში ხელისუფლებას მწვავე ოპონირებას უწევდა, „ქართულ ოცნებას“ გასხვავებული აზრის დევნაში და ოპოზიციის განადგურების მცდელობაში ადანაშაულებს.