„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა პარლამენტის 88 წევრის საკონსტიტუციო სარჩელი პოლიტიკური პარტიების – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, „გირჩი“ „დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, „ხალხისთვის“, „თავისუფლებისთვის“ საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე. კონსტიტუციური სარჩელი რამდენიმე თავისგან შედგება: საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომები, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატური ხელყოფა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები, 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები.
კონსტიტუციურ სარჩელს ერთვის: 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.