„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
„ქართული ოცნების“ დაანონსებული ინიციატივები ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციის მწვავე განცხადებები ამერიკული „ფარას“ ქართულ რეალობაში გადმოტანას უკავშირდება. როგორც დაანონსდა, კანონს ორი თვის განმავლობაში თარგმნიან, რის შემდეგაც ახალ კანონპროექტზე საჯარო მსჯელობა შედგება. ამერიკაში მოქმედი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი რეგისტრაციასა და ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს იმ ლობისტურ კომპანიებს, თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების გავლენებით და ინტერესებით მოქმედებენ.
უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტის მიღების შემდეგ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“ გაუქმდება. მათივე განმარტებით, ამერიკული „ფარას“ გადმოტანა სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ოპოზიციაში კი ბოლო დროს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს რეპრესიებს უწოდებენ.