„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია დაიწყო 

მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიამ სტარტი აიღო.

საქართველოს 30 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები შერჩეულია. რამდენიმეკვირიანი კონსულტაციების შემდეგ დასახელებულ კანდიდატურებს შორის არიან მოქმედი დეპუტატები, გუბერნატორები, მერები, ყოფილი მინისტრები, ერთი ექიმი და ოთხი ბიზნესმენი. კანდიდატების წარდგენას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, რომელმაც პარტიის სამოქმედო გეგმის მთავარ ორიენტირად განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა გამოაცხადა. ახლა მმართველ პარტიაში სიით შემადგენლობას წერენ, საიდანაც რამდენიმე გვარი უკვე ცნობილია.

ჯერ  უცნობია პასუხი მთავარ კითხვაზე, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი და  ჩაერთვება თუ არა საარჩევნო მარათონში პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც დღეს საკუთარი გუნდის წევრებს ხალხთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა. მაჟორიტარების წარდგენამდე პარტიის ლიდერების მხრიდან კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ქვეყნის დასავლური კურსი უალტერნატივოა და „ქართული ოცნების“ საბოლოო მიზანი დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაა.