„ქართული ოცნების“ საარჩევნო გეგმები

მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყებად ემზადება.

საარჩევნო პროგნოზი ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლაზეა გათვლილი. მომდევნო თვიდან რეგიონებში პარტიულ აქტივთან და მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დაანონსდა. კამპანიას ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი წარმართავს, რომელმაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სტატუსით დღეს მედიისთვის პირველი ბრიფინგი გამართა. საკმაოდ ოპტიმისტურ პროგნოზებს და დამაჯერებელ ტონს მმართველი გუნდი შიდა კვლევებით და ოპოზიციურ ფლანგზე არსებული სიტუაციით ამყარებს. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლების მხარდაჭერის მაჩვენებელი 2012 წლის რეიტინგსაც კი სცდება.

წინასწარ დასახელებულ სავარაუდო საარჩევნო შედეგებს მძაფრი რეაქციები მოჰყვა ოპონენტების მხრიდან, რომლებიც თავის მხრივ ოქტომბრის არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხებაში და კოალიციური მთავრობის შექმნაში დარწმუნებულები არიან.