პარლამენტიდან სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე.
მმართველმა გუნდმა არჩევანი დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილზე გააკეთა. „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი და სამგზის პარლამენტარი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატია. ის იქნება ქვეყნის ისტორიაში პირველი არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც 14 დეკემბერს ხალხის ნაცვლად 300 ხმოსნით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია აირჩევს. სახელმწიფოს მეთაურის პოსტის დასაკავებლად საჭიროა მინიმუმ 200 ხმა. პატრიოტი, ეროვნული ინტერესების დამცველი, ღირსეული – გადაწყვეტილების განმარტების დროს აქცენტი ამ კრიტერიუმებზე კეთდება. როგორც ირკვევა, პარტიაში 7-8 კანდიდატურა განიხილებოდა. არ დაკონკრეტებულა, ვისი კანდიდატურა იყო ყაველაშვილი, რომელიც დღეს პირადად ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. მძიმე აღმოჩნდა ოპოზიციის რეაქცია. რვა წლის წინ პოლიტიკაში სპორტიდან მოსულ ცნობილ ფეხბურთელს და ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს ოპონენტები ანტიდასავლური ნარატივის გამავრცელებლად მიიჩნევენ. არგუმენტად მისი ხმაურიანი საპარლამენტო გამოსვლები და „ხალხის ძალის“ მიერ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებზე გამოქვეყნებული განცხადებები სახელდება. ოპოზიციურ ფლანგზე განხილვის თემა გახდა პრეზიდენტობის კანდიდატის განათლებაც.