„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო პრეზიდენტის ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებსა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. „უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადებები, რომლებიც უარყოფითად აღიქმება და ფასდება უპირველეს ყოვლისა, ქართული საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, რომელმაც მას, ჩვენი მოწოდების საფუძველზე, არჩევნებში მხარი დაუჭირა. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ აღქმასა და შეფასებას აქვს მყარი ობიექტური საფუძველი, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, გამოვეხმაუროთ ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს. ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საქართველოს უმაღლესი კონსტიტუციური ინსტიტუტების, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაზე.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ მხარი დავუჭირეთ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას სწორედ იმ მოლოდინით, რომ ის სათანადოდ შეასრულებდა ზეპარტიული პრეზიდენტის ფუნქციას. თუმცა, სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა სხვა გზა აირჩია და უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, მან მკაფიოდ გამოავლინა პოლიტიკური მიკერძოება რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ. თავს ვალდებულად მივიჩნევთ, არავის მივცეთ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება. ჩვენ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს.
იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კარგავს ლეგიტიმაციას საზოგადოების იმ ნაწილის თვალში, ვინც მას მხარი დაუჭირა, ჩვენი მოვალეობაა, მას დარჩენილი წელიწადნახევრის განმავლობაში შევუნარჩუნოთ თუნდაც მინიმალური ლეგიტიმაცია საპრეზიდენტო უფლებამოსილების განსახორციელებლად.