„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება
ევროკომისიის რვა მოთხოვნა მმართველი გუნდის მხრიდან შანტაჟად და ულტიმატუმად ფასდება.
ბრიუსელის მოთხოვნებს, რომელთა შესრულება უვიზო რეჟიმის შენარჩუნების წინაპირობად სახელდება, „ქართული ოცნება“ პრემიერის მიერ წარმოდგენილი პოლიტსაბჭოს ვრცელი განცხადებით პასუხობს. ხელისუფლება მშვიდობის და სტაბილურობის გარანტად მიიჩნევს არასრულწლოვანთა დაცვის და დაფინანსების გამჭვირვალობის კანონებს, რომელთა გაუქმება ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა. მმართველი პარტია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეს გაზრდილად აცხადებს და ამ ფონზე ბრიუსელიდან გაძლიერებულ ზეწოლას ე.წ. დიფ სთეითის და ევროპული დემოკრატიის კოორდინირებული მოქმედებებით ხსნის. ახლა მთავარი კითხვაა, როგორ აპირებს ხელისუფლება ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობის მონაპოვარის, ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებას, მითუმეტეს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციების და მწვავე განცხადებების ფონზე ბრიუსელიდან ტონი სულ უფრო მკაცრდება.
ევროკავშირის ელჩმა დღეს მკაფიოდ თქვა, რომ, თუ 31 აგვისტომდე ევროკომისიის წერილში გაწერილი მოთხოვნები არ შესრულდება, შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს.