„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება
 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საერთო წერილი შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო წერილს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და უხეში და უსამართლო თავდასხმა უწოდა ქართველ ხალხსა და ქართულ დემოკრატიაზე. მმართველი გუნდი ასევე ხაზს უსვამს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა ეუთო/ოდირის დასკვნით არის გამყარებული და ევროპელი პოლიტიკოსები არა არჩევნების შინაარსით, არამედ მისი შედეგით არიან უკმაყოფილო.
ამავე განცხადებაში განმარტებულია ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების მიზეზი და ნათქვამია, რომ კანონი, რომლის საფუძველზეც მათი დაკავება მოხდა, საქართველოში უკვე სამი ათეული წელია არსებობს და ის ევროპულ პრაქტიკასა და სტანდარტებს სრულად შეესაბამება.
არჩევნების კონტექსტში აღნიშნულია შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებაც. რაც შეეხება დაკავებულ აქტივისტებს, განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპიდან გამოგზავნილი წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომიტინგეთა ძალადობა ქვეყნის გარედან იყო მხარდაჭერილი. განცხადების ბოლოს „ქართული ოცნება“ გამოთქვამს მზაობას, ითანამშრომლოს ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი ურთიერთობის სურვილი აქვს.