„ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. თარიღთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს. „2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას. რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა“, – ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში. სადაც ასევე ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამასთან, უწყვეტი მშვიდობა „ქართულმა ოცნებამ“ ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში შეინარჩუნა. ამავე განცხადებაში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ მზადყოფნას, რომ საქართველო 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი.