„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება

პოლიტიკური შეფასებების თემაა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომელიც გავრცელდა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების ინიციატივა შევიდა. ოპოზიციის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, დიდი ბრიტანეთი, ამერიკა და ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს მტრად შერაცხონ. ისინი ამბობენ, რომ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული განცხადება ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ სანქციების ეშინია. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთი ყოველთვის სამართლიანობის ეტალონი იყო და იმედს იტოვებენ, რომ თემთა პალატის 14 წარმომადგენლის მოსაზრებას შემდგომი გაგრძელება არ ექნება.

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით ინიციატივა 14-მა დეპუტატმა წარადგინა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო აცხადებს, რომ სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელმაც ქვეყანა ავტორიტარული მმართველობისგან დაიხსნა და დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა. „სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. თუმცა, იმ ფონზე, რომ „დიფ სთეითმა“, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ, არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ-მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა“, – წერია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.