„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილება

როგორ და რა ვადებში უნდა შესრულდეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები. საკითხი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განიხილა, მიღებული გადაწყვეტილება კი ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ გაახმოვანა. ირაკლი კობახიძის თქმით, 12-ივე რეკომენდაციის დასაკმაყოფილებლად, საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით შეიქმნება შესაბამისი ჯგუფები. მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც პარლამენტს წარედგინება, მიღებული ცვლილებები კი, საბოლოო დამტკიცებამდე, შესაფასებლად ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ევროკომისიის რეკომენდაციების ეფექტიანად შესრულებაზე პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა, მისივე თქმით, დეპოლარიზაციის მიმართულებით ოპოზიციის ძალისხმევაც აუცილებელია. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ინიციატივით გამოდის, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში რადიკალურ პოლიტიკურ რიტორიკაზე და მოქმედებაზე მორატორიუმი გამოცხადდეს.