„ქართული ოცნების“ მიმართვა ოპოზიციას

უკრაინის საკითხზე საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირების გამო ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვნებათაღელვა გრძელდება.

მმართველი პარტია ოპონენტებს საჯარო დისკუსიას სთავაზობს, მანამდე კი ოპოზიციური პარტიებისგან წერილობითი შენიშვნების გაგზავნას ითხოვს. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას მოუწოდებს, ფაქტებით და არგუმენტებით წარმოადგინოს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობას უნდა გადაედგა. მიმართვის ადრესატები ოპონენტებთან ერთად ცალკეული უცხოელი პარტნიორებიც არიან. რიტორიკა უცვლელია – ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის და საერთაშორისო ორგანიზაციებში პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, ყველა სხვა მოწოდებას მმართველი პარტია ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობად განიხილავს.

გიორგი კობერიძე არკვევდა, მოჰყვება თუ არა და რა ფორმით, ხელისუფლების შეთავაზებას რეაგირება.