„ქართული ოცნების“ მიმართვა ევროკავშირს

ვნებათაღელვა მმართველი გუნდის რეზონანსული გადაწყვეტილების გარშემო. ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს საქართველოს ხელისუფლება ოთხი წლით დღის წესრიგიდან ხსნის. „ქართული ოცნება“ 2028 წლამდე უარს ამბობს ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზეც, – ასეთია ოფიციალური თბილისის პასუხი ბრიუსელს, რომელმაც ბოლო თვეებში მიღებული ორი კანონის გამო საქართველოსთან ევროინტეგრაციის პროცესი დროებით შეაჩერა და გარკვეული ფინანსური დახმარების პროგრამების გაგრძელებაზე უარი თქვა. ევროპარლამენტის მწვავე რეზოლუციების და ევროპელი ლიდერების კრიტიკული განცხადებების ფონზე მმართველი პარტიის პოზიციაა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის თემას შანტაჟის იარაღად და საზოგადოების დასაპირისპირებლად იყენებს. საქართველო, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 11 თვის წინ მიიღო, წევრობაზე მოლაპარაკების დაწყებას 2024 წლის ბოლოსთვის ელოდა, თუმცა ბოლო თვეებში ევროკავშირთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის და ბრიუსელის მწვავე გზავნილების გათვალისწინებით, მოლაპარაკების გახსნის პერსპექტივა ეჭვქვეშ იდგა. მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შეხვედრის შემდეგ პრემიერის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია გზა.