ქართული ოცნების ინიციატივა

18:30, 03.06.2025

ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ექნება სასამართლოს მიმართოს და კომერციული ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია იმ შემთხვევაში გამოითხოვოს, თუ კონკრეტული მედიასაშუალება შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციას თავად არ მიაწვდის. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორების განმარტებით, დაგეგმილი ცვლილებები კომუნიკაციების კომისიას, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონის აღსრულებაზეა პასუხისმგებელი, რეგულაციების ეფექტიანად აღსრულების ბერკეტებს მისცემს. საუბარია იმ რეგულაციაზე, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონში ტელევიზიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ აკრძალვებს ეხება. მოქმედი კანონმდებლობით, უცხო ძალას, პოლიტიკურ პარტიას, თანამდებობის პირს, საჯარო მოხელეს და ადმინისტრაციულ ორგანოს – მაუწყებლების დაფინანსება ეკრძალებათ. დაგეგმილ ცვლილებას მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია. მათი შეფასებით, კომუნიკაციების კომისიისთვის კომერციული ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის უფლების მინიჭებით, „ქართული ოცნება“ თავისუფალი მედიის მიიმართ რეპრესიების ახალ ტალღას იწყებს.

მსგავსი