„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 

მმართველი გუნდის ახალი პოლიტიკური გზავნილები ოპოზიციის მისამართით.

„ქართული ოცნების“ ტონი გამკაცრდა. თუ დღემდე სახელისუფლებო პარტია პარლამენტში ოპოზიციის არშესვლის ჩამკეტი ბერკეტების ამოქმედებას აანონსებდა, უკვე დღეს გეგმავს, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტოს ყველა ოპოზიციონერს, რომელიც შესაბამის განცხადებას დაწერს. მასშტაბური საარჩევნო რეფორმა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე – ასეთია ხელისუფლების გეგმა, რომელიც ოპოზიციას ორ ჯგუფად ყოფს – ამბოხის სცენარის მონაწილეებად და ამ სცენარისგან გამიჯნულ პოლიტიკოსებად. ოპონენტთა ნაწილის რეაქციები მძაფრია, განსაკუთრებით ირაკლი კობახიძის განცხადების იმ ნაწილზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საარჩევნო რეგისტრაციის შესაძლო გაუქმებას ეხება.

კიდევ ერთი ინიციატივა,  რომელიც დღეს მმართველმა პარტიამ დააანონსა, პარტიების დაფინანსების წესს ეხება.   „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ის პარტიები,  რომლებიც უარს ამბობენ საკანონმდებლო საქმიანობაზე,   საბიუჯეტო  დაფინანსებას არ უნდა იღებდნენ.  მმართველ გუნდში საარჩევნო საკითხებზე პოზიციების დაახლოვების  შემდეგ მოლაპარაკებების პროცესში  კრიზისის შექმნის მცდელობაში ოპონენტებს ადანაშაულებენ. ოპოზიციაში კი საპირისპიროს ამტკიცებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება დღეს გაკეთებული განცხადებებით, მოლაპარაკებების ჩაშლას და მათ დაშანტაჟებას ცდილობს.

დატოვე კომენტარი