თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა „ქართული მწიგნობრობის ისტორიის შესახებ“ ორდღიან სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს. პირველ დღეს წარმოდგენილია მოხსენებები ქართული წიგნისა და წიგნიერების შესახებ. მომხსენებლებმა ისაუბრეს საქართველოსა და საზღვარგარეთ არსებული პირველი სტამბებისა და ქართული ბეჭდვითი საქმის განვითარებაზე, საბიბლიოთეკო საქმის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მეორე დღე კი სამუშაო შეხვედრას დაეთმობა, სადაც განიხილავენ თანამედროვე ციფრულ ეპოქაში არსებულ საბიბლიოთეკო პრობლემებს. პარალელურად, ბიბლიოთეკაში დაცული ვახტანგ VI სტამბის წიგნების გამოფენა გაიხსნა.