„ქართული მარშის“ ლიდერი პოლიციაში გამოკითხეს

პარტია „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს. პოლიციამ მისი ავტომობილი და საცხოვრებელი ბინაც გაჩხრიკა. ამოღებულია იარაღიც, რომელიც სანდრო ბრეგაძის განცხადებით, რეგისტრირებულია და მისი ტარების უფლება აქვს. სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ მას ემუქრებიან და სწორედ ამის შესახებ მიაწოდა პოლიციას ინფორმაცია. ბრეგაძე დარწმუნებულია, რომ მიზეზი დავით გარეჯის თემაზე მისი აქტივობაა და აცხადებს, რომ პირებს, რომლებმაც მის წინააღმდეგ პოლიციას მიმართეს, აქვთ ჩანაწერი, რომელშიც მისი მისამართით განხორციელებულ მუქარას ის უცენზურო სიტყვებით პასუხობს. ამასთან, ბრეგაძემ ჟურნალისტებს გადასცა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, რომ მას ტელეფონზე უკავშირდებიან და ასევე, უცენზურო სიტყვებით ემუქრებიან.