ქართული კულტურის დღეები რუმინეთში

რუმინეთში მიმდინარე ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, ქალაქ იაშის ისტორიულ ცენტრში, ქართველი პოეტისა და დიპლომატის, ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, პირველად წარმოადგინეს ბესიკის რუმინულ ენაზე თარგმნილი ლექსების კრებულის მეორე გამოცემაც. ასევე გაიმართა ბესიკის ეპოქის რუმინეთისა და საქართველოს ამსახველი ფოტოსურათების გამოფენა და თბილისისა და ქუთაისის თანამედროვეობისადმი მიღვნილი გამოფენა.

ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაფორმდა ასევე შეთანხმება ქალაქ იაშისა და ქალაქ ქუთაისის დამეგობრების შესახებ. შეთანხმება თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, ტურიზმი და გარემოს დაცვა.