ქართული დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. მმართველი პარტიის თავმჯდომარე, პარტიის საერთაშორისო მდივან კახა კუჭავასთან და პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, სენატორ ჯეიმს რიშს, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის წარმომადგენლებს, ჯორჯ კენტსა და კრის სმიტს, კონგრესმენებს, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს, ადამ კინზინგერსა და კონოლის შეხვდნენ. შეხვედრებზე ხაზი გაესვა რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას. შეხვედრების დროს საუბარი შეეხო შიდაპოლიტიკურ თემებსაც, სადაც პარტიის თავმჯდომარემ საერთაშორისო პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პოლიტიკური პროცესების შესახებ და მოისმინა მათი რეკომენდაციები და მოსაზრებები ამ მიმართულებით. მმართველი პარტიის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დაფიქსირდა სურვილი, რომ მათ იხილონ ოპოზიცია პარლამენტში, ხოლო მმართველმა პარტიამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები შემდგომი რეფორმების უზრუნველსაყოფად. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზაობა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის გადადგას კონკრეტული ნაბიჯები.

მოამბე

დატოვე კომენტარი