ქართული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი

უახლოეს საათებში გაირკვევა, რა დათქმით ცნობენ ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

მონიტორინგის კომიტეტმა რეკომენდაცია შეიმუშავა, სადაც ნათქვამია, რომ ქართულ დელეგაციას უფლებამოსილება დროებით და კონკრეტული დათქმით შესაძლოა 2025 წლის აპრილამდე გაუგრძელდეს. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წამოიწყოს ინკლუზიური პროცესი; აღმოფხვრას საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ნაკლოვანებები და შექმნას საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მომდევნო თვეებში გამოცხადებული ნამდვილად დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას; დაუყოვნებლივ შეწყვეტს პოლიციელების მხრიდან ადამიანებზე ძალადობას, სრულად დაიცავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და 2025 წლის აპრილის სესიამდე გაათავისუფლებს ყველა პოლიტპატიმარს. სწორედ ამ რეზოლუციის პროექტზე გამართავენ დებატებს დღეს სესიაზე ევროსაბჭოს წევრები და დღის ბოლოს კენჭს უყრიან. დოკუმენტში ცვლილებებს ითხოვს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, შესწორებები უკვე დარეგისტრირდა.