„ქართული არჩევანის“ აქცია

კომპანია „სანტეს“ ქარხანასთან „ქართული არჩევანის“ თავმჯდომარე ბეჟან გუნავა და აქციის რვა მონაწილე დააკავეს. მუშების მხარდასაჭერად გამართული აქციის მონაწილეებმა შენობის პიკეტირება სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები კომპანიის დირექტორთან შეხვედრას ითხოვდნენ. როგორც ინდმეწარმე ზურაბ ხაბულიანი აცხადებს, მასსა და კომპანია „სანტეს“ შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა, რომლის საფუძველზე მას ერთ-ერთი შენობის დემონტაჟი უნდა დაეწყო. ამისთვის 70-ათასლარიანი სესხი აიღო, თუმცა   სამუშაოების ბოლომდე შესრულების საშუალება არ მისცეს. კომპანია „სანტეში“ კი ამბობენ, რომ ზურაბ ხაბულიანმა იმ შენობის დემონტაჟი დაიწყო, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა და კომპანია თავადაა დაზარალებული. მათივე განმარტებით, გოჩა ოდიშიშვილი, რომელმაც სამუშაოების შესასრულებლად ხაბულიანის კომპანია დაიქირავა, მზად არის, მუშებს გაწეული სამუშაოების საფასური აუნაზღაუროს, თუმცა ხაბულიანი კომპანია „სანტეზე“ ცდილობს ზეწოლის მოხდენას და ფინანსური სარგებლის მიღებას. რაც შეეხება სიტყვიერ შეთანხმებას, კომპანიაში განმარტავენ, რომ  ეს სიმართლეს არ შეესაბამება.